სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის ცენტრის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მისია
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - “სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის ცენტრის” მისიაა სოციალური პრობლემების სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტების კვლევისა და მტკიცებულებების საფუძველზე სოციალური ინტერვენციების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობა.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის (შემდგომში - ,,ფაკულტეტი“) - სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის ცენტრი (შემდგომში – ,,ცენტრი“) წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით სტრუქტურულ ერთეულს.
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და დებულებით.
3. ცენტრს აქვს ტიტულიანი ბლანკი და ბეჭედი.
4. ცენტრი განთავსებულია შემდეგ მისამრთზე : თსუ III კორპ., ოთახი 025, ი. ჭავჭავაძის გამზირი N 11ა , 0179, თბილისი
მუხლი 2. ცენტრის უფლებამოსილებები
ცენტრის უფლებამოსილებებია:
ა) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
ბ) სოციალური ინტერვენციების დაგეგმვა, ინიცირება და შეფასება
გ) სატრენინგო პროგრამების შემუშავება, ჩატარება და შეფასება;
დ) საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;
ე) სოციალური ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტების პრაქტიკული უნარებისა და კომპეტენციების გავითარების ხელშეწყობა მათი კვლევით საქმიანობაში ჩართვით; ამ მიზნით სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაცია;
ვ) განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა;
ზ) კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის ინდივიდუალური აქტებით ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება.
მუხლი 3. ცენტრის სტრუქტურა და უფლებამოსილებები
1. ცენტრს მართავს ცენტრის დირექტორი, რომელსაც ოთხი წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით.
2. ცენტრის დირექტორი:
ა) კოორდინაციას უწევს ცენტრში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვას;
ბ) პასუხისმგებელია ცენტრზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის საქმიანობაში ჩართულ პირებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ფაკულტეტის დეკანს არაუგვიანეს მომდევნო წლის მეორე კვარტლის დასრულებისა წარუდგენს განვლილი წლის საქმიანობის ანგარიშს;
ე) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით ცენტრისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც საბჭოს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ვ) ახორციელებს ამ დებულებით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
ცენტრის დირექტორს საქმიანობის განხორციელებაში დახმარებას უწევს ცენტრის დირექტორის მოადგილე.
ცენტრის დირექტორის და დამხარე პერსონალის საქმიანობა ანაზღაურდება ცენტრის მიერ მოზიდული თანხებიდან.
მუხლი 4. ცენტრის ქონება
თავის ფუნქციათა განსახორციელებლად ცენტრი სარგებლობს უნივერსიტეტის უძრავი და მოძრავი ქონებით.
მუხლი 5. ცენტრის ფინანსები
ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) გრანტებისა და პროექტების საფუძველზე მიღებული შემოსავლები;
ბ) ხელშეკრულების შესრულებით მიღებული შემოსავლები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიზნობრივად ცენტრისათვის
განკუთვნილი საჩუქრის სახით მიღებული შემოსავლები;
დ) კანონმდებლობით აუკრძალავი ნებისმიერი შემოსავლები.
მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, სხვა სტრუქტურული ცვლილებები და წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხი რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.